logo
ENG



პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა

17 აპრ 202113:24
3 წუთის საკითხავი
 
სამხრეთის კარიბჭე

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. 

ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პანსიონში 57 ბავშვია, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის. 

ეპისკოპოსი სპირიდონი დაწესებულებაში არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს უშვებს - ის 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა. 

მაღალიერარქის მიზეზები ჰომოფობიური და დისკრიმინაციულია - როგორც ამბობს, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ "ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს". 

"ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ იქნებია შეშვებულები. იმიტომ, რომ ეს არის ის ხალხი, რომელიც ოფიციაურად ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი აზრია, რომ ამ ხალხის არც ერთ ოჯახხში შეშვება არ შეიძლება - წაბილწავენ იქაურობას [...] მე ამ წაბილწულ და გარყვნილ ქალს იმ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ". - ამბობს ეპისკოპისი. 

სახალხო დამცველი წლებია ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

სახალხო დამცველი საგანგაშოდ აფასებს დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას.

შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე
  • დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად
  • წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.

close დახურვა